დიდი აფიორა

         ადამიანი, რომელმაც ეიფელის კოშკი გაყიდა 

ვიქტორ ლიუსტიგი (1890-1947) ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ თაღლითად მიიჩნევა. მას დაუსრულებლად შეეძლო აფერის გამოგონება და ორგანიზება. ვიქტორს 45 ფსევდონიმი ჰქონდა და თავისუფლად ფლობდა 5 ენას. ის მხოლოდ ამერიკაში 50-ჯერ დააპატიმრეს, მაგრამ მტკიცებულების არქონის გამო ყოველ ჯერზე გაათავისუფლეს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ლიუსტიგი თაღლითურ ლატარიებს აწყობდა. 1920 წელს საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და 2 წლის განმავლობაში ბანკები და კერძო პირები 10 ათასი დოლარით გააღარიბა. მისი ყველაზე გრანდიოზული აფერა ეიფელის კოშკის გაყიდვას უკავშირდება. 1925 წლის მაისში ის პარიზში ჩავიდა და ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში წაიკითხა, რომ კოშკს შეკეთება ესაჭიროებოდა. თაღლითმა გადაწყვიტა, ამით ესარგებლა. მან თავი კავშირგაბმულობის მინისტრად გაასაღა, ბიზნესმენები მდიდრულ სასტუმროში მიიწვია და განუმარტა, - ვინაიდან კოშკის შეკეთებაზე უამრავი თანხა იხარჯება, ხელისუფლებამ მისი დაშლა და დახურულ აუქციონზე გასაყიდად გატანა გადაწყვიტაო. ლიუსტიგმა ყველას სთხოვა, ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახა იმ მიზეზით, რომ საზოგადოების აღშფოთება არ გამოეწვია. რამდენიმე დღის შემდეგ, მან კოშკის დაშლის უფლება ანდრე პუასონს მიჰყიდა და სასწრაფოდ ვენაში გაემგზავრა.
პუასონს არ სურდა, სხვების თვალში სულელი გამოჩენილიყო და გაცურების ფაქტი დამალა. ლიუსტიგმა ესეც სათავისოდ გამოიყენა - რამდენიმე ხნის შემდეგ პარიზში დაბრუნდა და ეიფელის კოშკი კიდევ ერთხელ, იმავე სქემით გაყიდა. მეორედ აღარ გაუმართლა, რადგან მოტყუებულმა ბიზნესმენმა ეს ამბავი პოლიციას შეატყობინა. ლიუსტიგი იძულებული გახდა, სასწრაფოდ ამერიკაში გაქცეულიყო.
1935 წელს ის დააკავეს და სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლიუსტიგი 1947 წელს, პნევმონიით გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment